English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ხსოვნა ნათელი

დიდ მეცნიერთა ღირსეული მოწაფე - შტრიხები პროფესორ ლეო ჩიქავას პორტრეტისათვის 

ზოგი ჭირი მარგებელიაო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. სამუშაოდან პირადი განცხადების საფუძველზე გავთავისუფლდი და ერთხანს უმუშევრად დავრჩი. ერთობ რთული, გაურკვევლობით, წინააღმდეგობებით აღსავსე დრო იყო. ყველას თავისი თავსატეხი ჰქონდა, არავის არავისთვის არ ეცალა. ამ დროს, თურმე, ჩემი ამბავი სრულიად შემთხვევით გაეგო პროფესორ ლეო ჩიქავას და მისსავე ახალდაფუძნებულ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიმიწვია.

სულ ცოტა ხანში ერთ-ერთი წამყვანი განყოფილების - ეკონომიკური სოციოლოგიის გამგედ დამაწინაურა. მერე, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მაძიებლად ჩავირიცხე, მანვე ითავა ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელობაც.

ბოლოს, ცხოვრება ისე აეწყო, რომ მთელი 16 წელი ამ დიდბუნებოვან ადამიანთან  -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტთან, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელსა და მის უცვლელ პრეზიდენტთან, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწესთან, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ლეო ჩიქავასთან ხანგრძლივმა შემოქმედებითმა თანამშრომლობამ არამარტო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, არამედ, საერთოდ, დიდი ცხოვრებისული გამოცდილებაც შემძინა და თუ ამ ხნის განმავლობაში ოდნავ სასარგებლო რამე გამიკეთებია, ეს პირადად მისი დამსახურებაა...

პირველ ნაბიჯებს დგამდა ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი საქართველო. ქვეყანა ახალი ყაიდის ცხოვრების რელსებზე ათასი წინააღმდეგობის გადალახვით გადადიოდა. ამასთანავე, თანდათანობით უარესდებოდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვეულებრივ ამბად იქცა უშუქობა, პურის გაუთავებელი რიგები, ცეცხლი ეკიდა სურსათ-სანოვაგის ფასებს, იმართებოდა საპროტესტო აქციები, ბოლო არ უჩანდა მომრავლებულ ე. წ. საძმოებს შორის სისხლიან გარჩევებს, სულ უფრო მწვავდებოდა კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მძაფრ ხასიათს იძენდა უკომპრომისო ბრძოლა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის.

ბატონ ლეოს თავის გარშემო შემოკრებილი ჰყავდა ცნობილი დემოგრაფები, სოციოლოგები, სხვა დარგების სპეციალისტები და, რაც მთავარია, შესანიშნავი, პერსპექტიული ახალგაზრდობა. მართალია, სიძნელეები თავსაყრელად გვქონდა, მაგრამ ყველაფერს ვურიგდებოდით: ფაქტობრივად, უხელფასოდ, როგორც იტყვიან, წმინდა წყლის ენთუზიაზმზე ვმუშაობდით. ინსტიტუტს საკუთარი საოფისე ფართიც კი არ ჰქონდა და ხან სად ვიყავით შეკედლებული და ხან - სად. მიუხედავად ამისა, ბატონი ლეოს მეთაურობით თანდათანობით ვაგვარებდით პრობლემებს. კოლექტივში ნამდვილი შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა, აქტიური, შინაარსიანი ცხოვრებით ვცხოვრობდით, რომლის სული და გული ბატონი ლეო გახლდათ. ერთ მშვენიერ დღეს მან სიხარულით გვამცნო: საქართველოს პრეზიდენტმა ინსტიტუტს საოფისედ თავისუფლების მოედანზე მდებარე ყოფილი „ბავშვთა სამყაროს“ შენობა გამოგვიყო და ჩვენს წვალებასაც ბოლო მოეღებაო.

ინსტიტუტში, როგორც წესი, ოთხშაბათობით იმართებოდა საინტერესო დისკუსიები, რომლებსაც უშუალოდ ბატონი ლეო წარმართავდა და ახლა არ მახსენდება რომელიმე ასეთი შეკრება, ერთხელ მაინც რომ გაეცდინა. ხშირად სიცივეში, გაყინულ დარბაზში პალტოწამოსხმულები ცხარედ ვკამათობდით აქტუალური სამეცნიერო პრობლემების გარშემო, ვიხილავდით საინსტიტუტო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმით გათვალისწინებული თემების დამუშავების მიმდინარეობას, ვისმენდით განყოფილებათა ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერ-თანამშრომელთა სამეცნიერო ანგარიშებს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ, ვეცნობოდით დემოგრაფიულ და სოციოლოგიურ მეცნიერებათა სიახლეებს, მეცნიერი თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ რესპუბლიკური, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა თუ სხვა თავყრილობების მუშაობაში  და ა. შ.

სწორედ ასეთი შემოქმედებითი პაექრობისას წამოიჭრებოდა ამა თუ იმ აქტუალური პრობლემის კვლევის იდეა და ამავე აუდიტორიაშივე ხდებოდა სადისკუსიო საკითხებზე გამოსაქვეყნებლად მომზა¬დებული სტატიების განსჯა-შეფასება. ასე დაიწერა როგორც ჩემი, ასევე, ჩემი მრავალი კოლეგის ნაშრომები.

იმხანად ბატონი ლეო რუსეთის საერთაშორისო სამეცნიერო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის „ობშესტვო ი ეკონომიკა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი გახლდათ და სწორედ პირადად მისი წარდგინებითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა ზემოხსენებულ სოლიდურ რუსულენოვან აკადემიურ გამოცემაში ჩემი ვრცელი ნაშრომი „დემოგრაფიული ფასეულობები: ცვლილებათა შედეგები და ტენდენციები (დემოსოციოლოგიური ანალიზი)“, რომელიც საქართველოში შექმნილ კრიზისულ ვითარებას შეეხებოდა. 

ბატონი ლეო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დისერტანტებთან, ასევე, ასპირანტებთან მუშაობას. იგი, როგორც წესი, სისტემატურად ინტერესდებოდა, რამე პრობლემები ხომ არ გვქონდა დისერტაციაზე თუ საინსტიტუტო საკვლევ თემაზე მუშაობისას.

ერთხელ, დისერტაციის ავტორეფერატზე მუშაობის დროს, სრულიად უმნიშვნელო საკითხის მოგვარებისას თითქმის გადაულახავ წინააღმდეგობას წავაწყდი. ინსტიტუტში, რომლის ხარისხის მაძიებელიც გახლდით, მომთხოვეს წინასწარ მიმეტანა ავტორეფერატის ერთ-ერთი პარაგრაფის ერთი-ერთნახევარგვერდიანი ტექსტი, რომელიც დისერტაციის სიახლეებს შეეხებოდა. რა თქმა უნდა, გავამზადე მასალა და მივუტანე ვისაც ჯერ არს, რომელმაც გადაიკითხა თუ არა, მაშინვე უკანვე დამიბრუნა და მირჩია, ასე და ასე გადაამუშავეო. ვინ იცის, მერამდენედ  გადავაკეთე ეს „დაწყევლილი სიახლეები,“ მაგრამ მისი მოწონება ვერაფრით დავიმსახურე. ლამის ხელი მქონდა ყველაფერზე ჩაქნელი, როდესაც ბატონმა ლეომ მკითხა, როგორ არის საქმეო. სხვა რა გზა მქონდა, ყველაფერი ვუთხარი, როგორც იყო. არ ვიცი, ინსტიტუტში ვის, როგორ და რაზე ელაპარაკა, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ამ საკითხზე მეტად არავის შევუწუხებივარ. მერე გავიგე, რომ, თურმე, ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ჩემს შესახებ საგანგებო საუბარი ჰქონია...

საოცრად ახარებდა, ეამაყებოდა თითოეული ჩვენგანის წარმატება. თავის პირად გამარჯვებად მიაჩნდა, თუ ვინმე ოთხშაბათობის შეკრებაზე საინტერესო სამეცნიერო მოხსენებას წაიკითხავდა, კარგ სტატიას გამოაქვეყნებდა რომელიმე სოლიდურ გამოცემაში, ან სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა ყურადღებას მიიპყრობდა თავისი მოხსენებით და ა.შ. არ იშურებდა საქებარ სიტყვებს, თუ რომელიმე ჩვენგანში, თუნდაც, იოტისოდენა მოსაწონს შეამჩნევდა. უყვარდა ნიჭიერი, იმედისმომცემი, პერსპექტიული, სიახლის მაძიებელი, შრომისმოყვარე, წარმატებული ახალგაზრდები, როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა, ვისაც ხელის გამართვა სჭირდებოდა...

როგორც კი მცირე ბიზნესის კურსის სახელმძღვანელოზე მუშაობა დავამთავრე, ხელნაწერი ბატონ ლეოს გადავეცი. შეპირებული იყო, რომ მკითხველებს ნაშრომს თავად წარუდგენდა. სულ მალე წაეკითხა ხელნაწერი და წინათქმაც მოემზადებინა. გახარებულმა მითხრა: კაპიტალური გამოკვლევაა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იგი მცირე მეწარმეობისადმი მიძღვნილი ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია, რადგანაც ამ პრობლემის თითქმიპექტს აშუქებს, თანაც, მაღალპროფესიულ დონეზეა შესრულებულიო.

რა თქმა უნდა, ასეთ აღმატებულ შეფასებას არ მოველოდი, ვგრძნობდი, რომ ბევრი საქებარი სიტყვა დიდსულოვანი მოძღვრის მიერ წინასწარ იყო ავანსად გაცემული ჩემს წასახალისებლად, თუმცა, სწორედ ბატონი ლეოს ეს შეფასება დაედო საფუძვლად თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც ჩემს ნაშრომს მიენიჭა დამხმარე სახელმძღვანელოს გრიფი ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, რაც მცირე ბიზნესის კურსის სახელმძღვანელოს შექმნის პირველ ცდას წარმოადგენდა.

ბატონი ლეო თავისი ბუნებით, შინაგანი წყობით დემოკრატი, შესაშური ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნება იყო. შვენოდა ჩვეული ბუნებრივი უბრალოება და სისადავე, აკადემიურობა. მშვიდი, უკონფლიქტო, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური ადამიანი გახლდათ, ამავე დროს, არც პრინციპულობა აკლდა მრავალმხრივ განსწავლულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. მუდამ გაწონასწორებული, მოწესრიგებული იყო, გემოვნებით შემოსილი, გამორჩეული ინტელიგენტი.

არასდროს გვინახავს არც აღელვებული და არც გაჯავრებული, არ სჩვეოდა ხმააწეული ლაპარაკი, ყველასათვის მუდამ ღია იყო მისი კაბინეტის კარი. მასთან შესვლაზე ნებართვას არავინ თხოვდა დირექტორის მდივანს. ყოველთვის ეცალა ყველასათვის ყურადღებ¬ით რომ მოესმინა, რჩევა-დარიგება მიეცა; თუ ოთახში მარტო გახლდათ, ჩვეულებრივ, წიგნებში თავჩარგული იჯდა და თუ ოთახში ვინმე შემოიხედავდა, თავს მაშინ აწევდა.

დიდებული მოქართულე, საოცრად უფრთხილდებოდა ქართული სიტყვის სიწმინდეს, მართლწერას, არავის აპატიებდა ქართული ენისადმი უდიერ, აგდებულ მოპყრობას. ჟამთააღმწერელივით აჩუქურთმებდა თითოეულ ასო-ნიშანს, ღრმად ფლობდა  ლამაზად, გარკვევით წერის ხელოვნებას, სტამბაში დაბეჭდილი გეგონებოდათ მისი ხელნაწერი, სიტყვას ვერ ნახავდით მასში ჩასწორებულს. თუ ვინმე თავის ნაშრომს მიუტანდა და სთხოვდა, თვალი გადაევლო, როგორი მოუცლელიც არ უნდა ყოფილიყო, უთუოდ დიდი გულისყურით წაიკითხავდა და თუ რამე ჩასასწორებელი იყო, ზედმიწევნით ზუსტად გამართავდა ფრაზას, შენიშვნებსაც ფაქიზად, გასაგებად, აკურატულად ჩამოწერდა და თუ რამე არ მოეწონებოდა, ან სადმე რამე ლაფსუსს თუ შეცდომას იპოვიდა, ამაზე ისე წყნარად, მშვიდად, შეუმჩნევლად მიგანიშნებდათ, რომ იოტისოდენადაც არ შეგილახავდათ თავმოყვარეობას. თუ რომელიმე სიტყვის მართლწერა დააეჭვებდა, მორიდებით კოლეგებთან გადაამოწმებდა.

ასეთადაც ჩამრჩა სამუდამო მეხსიერებაში გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწისა და დიდებული პიროვნების ნათელმოსილი, კეთილი, ფიქრიანი სახე, მის მიერ დათესილი სიკეთეები. 

არასდროს გაგვიგია, რომ ბატონი ლეო ოდესმე ჯანმრთელობას უჩიოდა. არადა, უცებ, მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და რამდენიმე თვით ლოგინს მიჯაჭვული 2015 წლის 11 ივლისს მდუმარედ გამოეთხოვა ამქვეყანას. თითქმის ყოველდღე დავდიოდით საავადმყოფოში მოსანახულებლად, მაგრამ ერთხელაც ვერ შევძელი მასთან პალატაში შესვლა,  არ მინდოდა მისი უმწეო მდგომარეობაში ნახვა.

ვინ იცის, როგორი გულნაკლული, ნაწყენი წავიდა მავანსა და მავანზე, იმათზე, ვისაც სული მისდიოდათ მისი სავარძლის დაკავებაზე და პროვოკაციებს ხლართავდნენ მის გარშემო. ამას თვითონაც კარგად გრძნობდა, მაგრამ არასდროს იმჩნევდა, უკმაყოფილება არავისთან გამოუხატავს და არც არანაირი რეაქცია ჰქონია.

ბატონი ლეოს წასვლას მის მიერ დაარსებულ-ფეხზედაყენებული ინსტიტუტიდან არც ქვეყნისთვის და არც ვინმესთვის მოუტანია სიკეთე, პირიქით, მისი დირექტორობიდან განთავისუფლებით, ფაქტობრივად, ჩაქრა დემოგრაფიული მეცნიერების ერთადერთი ახლადგაღვივებული კერა, რომელიც ასე ჰაერივით სჭირდება დღეს გაეროს მიერ მომაკვდავ ერთა სიაში შეტანილ საქართველოს. მართალია, ვალის მოსახდელად კონკურსი ვითომცდა ჩაატარეს, „ინსტიტუტი“ მეცნიერ-თანამშრომელ-ტექნიკურპერსონალიანად ათი-თხუთმეტი კაცით დააკომპლეტეს და ორ თუ სამ ათეულ სამეცნიერო დანაყოფთან ერთად, ფაქტობრივად, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ქვეგანყოფილებად გადააქციეს, მაგრამ რა ძალუძს სხვის ჭერსა და კალთას შეფარებულ ასეთ მცირერიცხოვან ინსტიტუტს, როგორ შეძლებს იგი სრულფასოვან ფუნქციონირებასა და სერიოზული კვლევების ჩატარებას.

ბატონ ლეოს რომ გავფრთხილებოდით ისე, როგორც ეკადრებოდა და მისი ავტორიტეტით გვესარგებლა, იქნებ, ასეთ დღეში არ ჩავარდნილიყო ქვეყნისათვის ეს მეტად საჭირო სამეცნიერო ცენტრი, არ მიმოფანტულიყვნენ მის მიერ დიდი რუდუნებით შეკრებილ-გამოზრდილი ახალგაზრდა, პერსპექტული დემოგრაფები, სოციოლოგები, სხვა დარგების მკლევარები. თუ ზოგიერთმა მავანმა და მავანმა შეძლო მეცნიერების საყოველთაოდ აბუჩად აგდების ხანაში თავისი ინსტიტუტის გადარჩენა, ეს მით უფრო იოლი იქნებოდა ბატონი ლეოსათვის. დარწმუნებული ვარ, უთუოდ გაუწევდნენ ანგარიშს საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერის უზადო ავტორიტეტსა და დამსახურებას.

პროფესორი ლეო ჩიქავა წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ამ ხნის განმავლობაში არაერთგზის ჩატარდა აკადემიის ნამდვილი წევრების არჩევნები, მაგრამ არავის მოსვლია აზრად მისთვის აკადემიკოსის წოდება მიენიჭებინათ, პირიქით, ხელოვნური ბარიერი შეუქმნეს საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერს, ვისაც ნამდვილად შეეძლო ქართული ეკონომიკური მეცნიერება ღირსეულად წარმოეჩინა ჩვენი ქვეყნის მეცნიერების უპირველეს ტაძარში!

ბატონი ლეო მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი და პოპულარიზატორი გახლდათ, ამასთანავე, აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიკურ საქმიანობას ეწეოდა. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პროფილის კათედრებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სათავეში ედგა თავისსავე დაარსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტს, იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მოსკოვისა და თბილისის ეკონომიკური ჟურნალების, სხვადასხვა სამეცნიერო კრებულების, კავკასიის დიდი მრავალტომეული ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიების წევრი და რედაქტორი, „ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის პალატის“ თავმჯდომარე და სხვ., დაჯილდოებული იყო მრავალი სახელწიფო ორდენით, მედლითა და საპატიო სიგელით.

ცალკე უნდა ითქვას ბატონი ლეოს მიერ დაფუძნებულ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიაზე, რომლის პრეზიდენტიც სიცოცხლის ბოლომდე გახლდათ. ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის დაარსება მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და არის არა მხოლოდ სწავლულ ეკონომისტთა, არამედ, საერთოდ, საქართვლოს სამეცნიერო-კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. იგი დაარსებისთანავე გახდა ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა 60-ზე მეტი თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი-ეკონომისტი. აკადემიის წიაღში მუშავდებოდა და მუშავდება მეტად საყურადღებო რეკომენდაციები და წინადადებანი საქართველოს ეკონომიკური და სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების შესახებ, რომლებიც არაერთგზის იქნა წარდგენილი როგორც საქართველოს მთავრობაში, ისე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში. სისტემატურად იმართებოდა და იმართება აკადემიის სამეცნიერო სესიები, პერიოდულად იბეჭდება აკადემიის სამეცნიერო შრომების კრებულები, სადაც აკადემიის წევრების საყურადღებო გამოკვლევები ქვეყნდება. 

ბატონი ლეოს გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 17 მონოგრაფიული გამოკვლევა, სახელმძღვანელო და ბროშურაა, რომელთა საერთო მოცულობა 300 ნაბეჭდ თაბახს აღემატება. ისინი შეეხება ეკონომიკური თეორის, საქართველოს ეკონომიკისა და მისი ცალკეული დარგების განვითარების, ტე¬რიტორიული სპეციალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტიანობის და სხვა აქტუალურ საკითხებს. 

ნოვაციების მაძიებელი მკლევარის კალამს ეკუთვნის ისეთი ორიგინალური მონოგრაფიული ნაშრომი, როგორიცააა „ინოვაციური ეკონომიკა“ (452 გვ., 2006 წ.), რომლითაც მან ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებაში გზა გაუხსნა ინოვაციური, ანუ ცოდნაზე დამყარებუ¬ლი ეკონომიკის პრობლემატიკას, სადაც ზოგად თეორიულ-მეთოდო¬ლოგიურ საფუძვლებთან ერთად ფართოდაა გაშუქებული ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის არსი, ძირითადი ნიშნები, მაჩვენებლები, ფუნქციონირება-განვითარებისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებანი და ა. შ.

ქართული ეკონომიკური მეცნიერების ასეთივე ფასდაუდებელი შენაძენია ბატონი ლეოს უნიკალური ნაშრომი „დემოლოგია და მისი კანონთა სისტემა“ (582 გვ., 2008 წ.), რომლითაც მან ფაქტობრივად მყარი თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ჩაუყარა ქართულ დემოგრაფიულ მეცნიერებას და განსაზღვრა მისი ცალკეული მიმართულებების განვითარების მონახაზები.

გასაოცარია, ასეთი მრავალმხრივი, უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პედაგოგიკური, საზოგადო, პირადი თუ ყოფითი-საოჯახო პრობლემებით დატვირთული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე როგორ ახერხებდა ამდენი საქმისთვის თავის გართმევას, სად პოულობდა მუდამ მოუცლელი ადამიანი ამდენ დროს, ძალასა და ენერგიას ასეთი ფუნდამენტური ნაშრომების შესაქმნელად.  

სანიმუშო იყო ბატონი ლეოს დამოკიდებულება, ურთიერთობა თავის სასიქადულო მასწავლებლებთან. უსაზღვრო მადლიერებით, პატივისცემით, მოწიწებით ახსენებდა მათ სახელებს. მათგან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს პაატა გუგუშვილსა და მის განუყრელ მეგობარს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ვასილ (ვასო) ჩანტლაძეს გამოარჩევდა. მადლიერებით ამბობდა, ჩემს მეცნიერ მუშაკად ჩამოყალიბებაში „ლომის წილი“ სწორედ ამ ორ გოლიათზე მოდიოდაო.

მასწავლებლებმაც კარგად იცოდნენ თავიანთი  მოწაფის ფასი. ეს კარგად ჩანს, გარდაცვალების წინ ბატონი ვასოს მიერ დატოვებული ბარათიდან: „მაგიდაზე დევს ბატონი პაატასა და ჩემს მიერ მომზადებული, მაგრამ დაუსრულებელი ხელნაწერი „ეკონომიკური ტერმინოლოგიისა.“ ტექსტის შევსება-დასრულებასა და გამოქვეყნების ორგანიზაციას, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ჩვენი მოწაფე ლეო ჩიქავა შესძლებს. თუ ცოცხალს ვერ მომისწრო, გადაეცით ჩემი თხოვნა, რათა მიხედოს ამ ეროვნულ საქმეს.“

გოლიათები არც შემცდარან თავიანთი დიდი და ღირსეული მოწაფის შეფასებაში  - ბატონი ლეოს ხელმძღვანელობით ლექსიკონის შემდგენელთა მიერ მომზადებულმა ტერმინოლოგიამ დადგენილი წესის თანახმად, წარმატებით გაიარა ექსპერტიზა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებაში და 2001 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ლეო ჩიქავას საერთო რედაქციითა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის გრიფით გამოვიდა 636-გვერდიანი რედაქტირებისას მასშტაბურად შევსებულ-გამდიდრებული (ავტორთა მიერ დატოვებული ტექსტის ნახევარზე მეტით გადიდებული) ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), რომელიც 40 ათასზე მეტ ტერმინს მოიცავს ქართულ და რუსულ ენებზე და გამოცემის დღიდანვე ქართველ ეკონომისტთა ერთ-ერთ სამაგადო წიგნად იქცა.

მუდამ ასე უფასებდა თავის მასწავლებლებს ამაგს, პატივისცემას, სიყვარულსა და ერთგულებას მადლიერი მოწაფე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პროფესორი ლეო ლეონტის ძე ჩიქავა.   

ომარ შურღაია

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი